ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით, კომიტეტის ბიუროს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხრიდან ბიუროს თანათავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი – ლევან იოსელიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დავით ზილფიმიანი. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურომ განიხილა ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდულ საფრთხეები, ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევა.
ბიუროს ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის მიმდინარეობას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებასა და საპარლამენტო დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას. ბიუროს სხდომაზე, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში 2020 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ტიბელსმა ისაუბრეს.
ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ლაშა დარსალია. სხდომაზე COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე მოხსენება გააკეთა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) საქართველოსა და მოლდოვას სამსახურის ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკემ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.