ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათთან რაიმე საღი დიალოგის გამართვას აზრი არ აქვს

“დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათთან რაიმე საღი დიალოგის გამართვას, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ყველა პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის.

„ეს მოწოდება ყველა პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, მმართველი გუნდი იქნება თუ ოპოზიციური პარტია. მედიაციის ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება” 95 პროცენტით მზად იყო, დოკუმენტზე ხელი მოაწერა. გარკვეული მცირე დეტალი იყო, რომელსაც განხილვა სჭირდებოდა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან კატეგორიული უარი დავინახეთ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ როგორც ამომრჩევლის წინაშე, ასევე – პოლიტიკური პარტიების წინაშე, როცა, მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მათ საპარლამენტო მანდატები არ გავუუქმეთ. სწორედ ამ ნაბიჯებს იქეთ მივყავართ, რომ, საბოლოოდ, ოპოზიცია იძულებული გავხადოთ, გონივრულ კომპრომისზე წამოვიდნენ. დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათთან რაიმე საღი დიალოგის გამართვას, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. ამიტომ, საქართველოში პასუხისმგებლობის მქონე ისევ მხოლოდ „ქართული ოცნება” რჩება. ჩვენ მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მივიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ამერიკის ხმამ“ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასება, რომლის მიხედვითაც „დეპარტამენტი იმედგაცრუებულია, რომ მხარეები საკუთარ სურვილებზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესებს არ აყენებენ“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები