“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ 15 მაისს არის ძალიან სერიოზული საპროტესტო აქცია იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება”
„15 მაისს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს – სახელმწიფო დავუტოვოთ მიტაცებული, ოლიგარქ ივანიშვილს თუ დავიბრუნოთ სახელმწიფო”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა ორკომპონენტიანია.
„15 მაისს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს – სახელმწიფო დავუტოვოთ მიტაცებული ოლიგარქ ივანიშვილს თუ დავიბრუნოთ სახელმწიფო. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ძალიან სერიოზული საპროტესტო აქცია იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, დავიბრუნოთ ზოგადად სახელმწიფო, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც კრიზისის განსამუხტად არის საჭირო. ჩვენი გეგმა დარჩება უცვლელი. ჩვენი გეგმა არის ორკომპონენტიანი – ერთი არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და მეორე საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა, რათა მან გაიგოს, რომ კრიზისს სჭირდება განმუხტვა არჩევნების გზით. ოპოზიცია მოწოდებული იყო დიალოგისკენ, მაგრამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით „ქართულმა ოცნებამ” ხელი მოკიდა მოლაპარაკებების მაგიდას და ააყირავა, ამიტომ, ერთადერთი, ვის პასუხისმგებლობაზეც შეიძლება საუბარი, არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბიწაძემ.