ლევან ბუხაიძე: გირგვლიანისა და ჩემს მიმართ ბინძური კამპანია მიდის
სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის ერთადერთი მოწმე მის მიმართ ბინძურ კამპანიაზე საუბრობს. ლევან ბუხაიძე ზოგიერთ საგაზეთო სტატიებში გამოქვეყნებულ მასალებს სიცრუეს უწოდებს და ჟურნალისტებს მიმართავს: “გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სანდროს მკვლელობაში განსასჯელებს ციხეში ვნახულობდი და ჩემი ტელეფონის ნომრით სარგებლობდნენ. ეს არის სრული სისულელე და ტყუილი. ვინ უნდა მენახა? სანდროს მკვლელები და ჩემი სიცოცხლის გამმწარებლები? ერთ-ერთი ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ თითქოს მე მაქვს კავშირი სანდროს მკვლელობასთან. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინდელ გამოძიებას არ გაუჭირდებოდა ჩემთვის მკვლელობის დაბრალება და ამის მცდელობა მაშინ იყო. ვისაც არ ეზარება, ცდილობს სანდროს და ჩემი სახელით საკუთარ თავს გაუკეთოს პიარი. მიზანმიმართული კამპანია მიდის, რომ როგორმე მოხდეს ამ საქმეში დამნაშავეების რეაბილიტაცია. ამისთვის კარგად იყენებენ ზოგიერთ მედიასაშუალებას. ჟურნალისტებს გთხოვთ, რომ ნუ აყვებით ამ ბინძურ კამპანიას. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ყველა დამნაშავეს. ყველა ტყუილს დიდი ტკივილი მოაქვს ჩემთვის, სანდროს მამისთვის”, – აღნიშნა ლევან ბუხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ოქროყანაში გარდაცვლილ სანდრო გვირგვლიანის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ხელახლა დაიწყო და ამ ეტაპზე გამოძიების მასალების საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
“აღნიშნულზე გამოძიებისთვის მაქვს მიცემული ჩვენება. ჩემს პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი. ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც არაერთ ჩვენებაში მაქვს ნათქვამი”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბუხაიძემ.
გარდა ამისა, ბუხაიძის თქმით, გაურკვეველი პროვოკატორები მის მიმართ მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას ახორციელებენ.
“მინდა გავაკეთო განცხადება გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მიზანმიმართულად გააქტიურდა სანდრო გირგვლიანისა და ჩემს მიმართ მიზანმიმართული ბინძური კამპანია. ეს არის ავადმყოფური ბრალდებები. საქმე დაბრუნდა ხელახალ გამოძიებაში და აქამდე იმიტომ არ ვაკეთებდი კომენტარს, რომ მე როგორც მოწმეს, არ მაქვს უფლება გამოძიების მასალები გავახმაურო. შესაბამისად, ვერ გამოვეხმაურები ყველა საგაზეთო სტატიას თუ სატელევიზიო სიუჟეტს”, – აღნიშნა ბუხაიძემ.