შსს-თან გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ
“გათავისუფლდეს გიორგი მუმლაძე” – ამ მოწოდებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.
მათი თქმით, ის, რასაც გამოძიება სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს ედავება, უსაფუძვლოა.
“ეს იქნება სოლიდარობის აქცია, მათ შორის, იქნება პერფორმანსები და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ გიორგი მუმლაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” მივცემთ მწვანე შუქს, რომ აქტივისტები არა ადმინისტრაციულად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დააკავოს ხოლმე და ისინი გაუშვას უკვე საპატიმროში წლობით და არა – დღეებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.