გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანა ჩერნიშოვამ მოაწერეს.
მემორანდუმი სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შემუშავების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საშუალო სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებებით.
„საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. ჩვენთვის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება და აღსრულება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, გაერო-ს განვითარების პროგრამასა და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარების პროცესში, ჩვენთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოს დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას. მოხარული ვარ, რომ მთავრობასა და შვედ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვექნება საქართველოს მწვანე ქვეყანად განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.
106,000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. „გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მოხარული ვარ ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობით”, – განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძალაში 2022 წელს უნდა შევიდეს. UNDP-ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასრულებს აღნიშნული კანონის ხუთი კანონქვემდებარე აქტის შემუშავებას, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და მიყენებული ზიანის შემთხვევაში ვალდებულების დაკისრებისა და აღსრულების მექანიზმები. მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროს 60 თანამშრომელი გადამზადდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების საკითხებში. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი – თამარ ალადაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი – ალექსანდრე დარასი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.