გივი მიქანაძე: საკნიდან გამოსვლის გასაღები ნიკა მელიას ხელშია – კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს
“სასამართლო მხარეების მიერ წარდგენილი შესაბამისი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, მისი პრეროგატივაა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია პატიმრობაში დარჩა.
მიქანაძის თქმით, კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ჩვენ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი პრინციპია. პირველ ყოვლისა, პატივს ვცემთ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო სამართლიანობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით იხილავს. სასამართლო მხარეების მიერ წარდგენილი შესაბამისი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, მისი პრეროგატივაა. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა ბრალდებულებისგან. ამ პროცესს მმართველი გუნდი გარედან უყურებს. იმ რისკებიდან და კანონისადმი დაუმორჩილებლობიდან გამომდინარე, რასაც ამ ადამიანის მხრიდან ჰქონდა ადგილი, ალბათ, ეს არის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივატორი. თუ ვაჭრობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში საკითხით ნიკა მელია და ოპოზიცია ვაჭრობს, საკნიდან გამოსვლის გასაღები მის ხელშია, მაგრამ ამას საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობის შენარჩუნებისთვის იყენებს. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.