პაატა იმნაძე: დღეში, დაახლოებით, 1 300-1 400 ადამიანი იცრება – ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს
“დღეში, დაახლოებით, 1 300-1 400 ადამიანი იცრება – ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვირაში იმ საავადმყოფოების რიცხვის ზრდა დაიწყება, სადაც აცრა იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ მოგვიწია ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის ძალიან მკვეთრად შეცვლა. ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემა მორგებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, მარტივად რომ ვთქვა, პოლიკლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე. იმის გამო, რომ ახალციხეში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფოში მოხდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო თავი დაგვეზღვია და მხოლოდ საავადმყოფოებში გაგრძელებულიყო ვაქცინაცია. ახლა მთელი სისტემა არის გადასაწყობი და ძირითადი დატვირთვა თავის თავზე საავადმყოფოებმა უნდა აიღონ. ამას ცოტა დრო დასჭირდა.
დღეში, დაახლოებით, 1 300-1 400 ადამიანი იცრება, ეს საკმარისი არ არის, გეგმას რომ დავეწიოთ, ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს. ამ კვირაში დაიწყება გაზრდა იმ საავადმყოფოების, სადაც აცრა შესაძლებელი იქნება. ხვალ და ზეგ გაცილებით მეტი ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.