ნათია თურნავა: მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება
“მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება”, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის.
„თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით, 31 პროცენტით. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე, მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.