აშშ-ის საელჩო: აშშ აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს ხედავს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად
„აშშ-ის მთავრობა ხედავს აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად”, – ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩო სოფელ უდაბნოში კელი დეგნანის ვიზიტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
,,აშშ-ის მთავრობა ხედავს აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად, ამიტომ, ვეხმარებით ფერმერებს, მცირე ბიზნესმფლობელებსა და სასოფლო საზოგადოებებს, ტურიზმის სექტორიდან სარგებლის მიღებაში.
დღეს უდაბნოში ელჩმა დეგნანმა ონლაინ პლატფორმა agrogate.world-ის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა. ახალი პლატფორმა ქმნის აგროტურიზმის ადგილების რუკას სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რაც საშუალებას აძლევს ტურისტებს, იპოვონ და დაჯავშნონ სოფლის მეურნეობის უნიკალური ადგილები.
ეს არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან USAID-ის თანამშრომლობის მხოლოდ ერთი ნაწილი. ამ ძალისხმევას შეუერთდა “მასტერქარდი”, უმსხვილესი ამერიკული კომპანია, რომელთან ერთადაც ვეხმარებით ქართველ ფერმერებსა და ტურიზმის ოპერატორებს თანამშრომლობაში“, – აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.