“საქართველოშიც რუსული ხელწერით იწერება და იწერება ,,ფეიკ ნიუსების” ახალ-ახალი სცენარები” – თამთა მეგრელიშვილი “ფორმულას” და “მთავარი არხის” სიუჟეტებზე
“საქართველოშიც რუსული ხელწერით იწერება და იწერება ,,ფეიკ ნიუსების” ახალ-ახალი სცენარები”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი “ფორმულას” და “მთავარი არხის” სიუჟეტებზე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “ფეიკ ნიუსს” სამი მიზანი აქვს.
„ფეიკ ნიუსს“ სამი მიზანი აქვს – საზოგადოებაში დათესოს უნდობლობა;
რთულად გასარჩევი გახადოს ინფორმაცია დეზინფორმაციისაგან და მასაზე მანიპულირება მოახერხოს. თუმცა, ის ხშირ შემთხვევაში სცილდება ამ არაეთიკურ ლოკალურ მიზნებს და შეუძლია პოლიტიკური დღის წესრიგის დაყენება, შეცვლა და მოსახლეობაში სინამდვილის ვაკუუმის შექმნა.
იცოდით, რომ ბოლო წლებში „ფეიკ ნიუსები“ რუსული სპეცსამსახურებისთვის მიზნის მიღწევის ერთ – ერთ „საუკეთესო“ იარაღად სახელდება?!
საქართველოშიც რუსული ხელწერით იწერება და იწერება ,,ფეიკ ნიუსების” ახალ – ახალი სცენარები.
ჟურნალისტისთვის მიცემული დავალება მარტივია – დაწერილი ,,ფეიკ ნიუსის” ტექსტს ზედმიწევნით სწორად წაიკითხავ ეთერში, პარალელურად გავა კადრები, მთავარია გააჟღერო ის რაც ,,საქმეს სჭირდება” განრისხებული მზერითა და დაყენებული ტემბრით.
დანარჩენზე სიუჟეტის გმირმა იდარდოს, ამტკიცოს, რომ ის ინფორმაცია, რაც მასზე გავიდა, სულ არ ეხება მას.
მიზანი მიღწეულია!
მედიაისტერია ატეხილია, სახალხო პანიკისთვის ინფორმაცია გაშვებულია.
უდანაშაულო სიუჟეტის გმირი თავდაცვის რეჟიმშია.
ამგვარი თავის მართლების რეჟიმში ამჯერად ბატონი ანრი ოხანაშვილი აღმოჩნდა …
ადამიანს თავის მართლება უწევს მისი სიმამრის, ამირან ხოდელის მიერ შეძენილი და აშენებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად საკუთარ სოფელში, ასევე, საოკუპაციო ხაზთან წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე – ფინანსურად საკმაოდ სარისკო, მაგრამ ნამდვილად საამაყო და საქვეყნო საქმეზე.
საქმეზე, რომელსაც სიუჟეტში “ოხანაშვილის ოკუპაცია” უწოდეს!
ეს თემა “მთავარმა არხმაც ” არ გაუშვა ხელიდან და კიდევ უფრო ბოროტი ქვეტექსტით ანრი ოხანაშვილის სადეპუტატო საქმიანობის “კომპრომატად” წარუდგინა მაყურებელს.
თუმცა ეს რა გასაკვირია როცა სხვა არა ერთი ადამიანი და გაუბედურებული ოჯახი გვახსოვს.
მთავარი არხის რეიტინგი ოჯახების უბედურებაზე გადის.
სხვაგან ვერც გაიგებდით
,,შვილმკვდარ დედას ჟურნალისტი ეუბნებოდეს შენი აზრი არ მაინტერესებს, ჩვენ გავარკვევთ სიმართლესო”!
,,შენ შვილის მკვლელის ვინაობის დადგენა არ გინდა, ხელს აფარებ ვიღაცასო”!
გარდაცვლილი ადამიანების პირდაპირ ეთერში დაუფარავ ჩვენებასა და არხის რეიტინგის ასაწევად ჭირისუფალზე დიდ ჭირისუფლობაზე აღარაფერს ვსაუბრობ.
დიახ, ეს საქართველოა,
სადაც ზოგიერთი ჟურნალისტისთვის თვითრეგულირების ამგვარი მექანიზმი არსებობს.
ასე გაგრძელება არ შეიძლება!
დროა, შემუშავდეს თანარეგულირების მექანიზმი.
იმედია ამაზეც არ აღშფოთდება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია!
ნურც სხვები აფორიაქდებით, არ ღირს, რადგან თანარეგულირების მექანიზმი არ ნიშნავს მედიის კონტროლს”,- წერს მეგრელიშვილი.