სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, დათა ვანიშვილის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი იმედის ნიშანი, რომ საქართველო გამთლიანდება
“9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, დათა ვანიშვილის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი იმედის ნიშანი, რომ საქართველო გამთლიანებული იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა დათა ვანიშვილის ოჯახს სამოქალაქო თავდადებისთვის მედალი გადასცა.
„ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო იმ ადამიანისთვის, რომელიც შემართებისა და შეუგუებლობის ერთგვარი სიმბოლო გახდა. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში. ის არის სიმბოლო იმ უსამართლობისა და გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი ყველას უდიდესი პატივისცემისა და ჩვენი იმედის ნიშანი, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან, აღარ ექნებათ აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებას პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.