გიორგი ვაშაძე: როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია – უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ

“როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია – უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის გზა, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება.

„9 აპრილი არის დღე, როდესაც აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს არის დღე, რომელიც არის ეროვნული თანხმობის, ერთიანობის სიმბოლო. როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია – უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, დამოუკიდებლობის გზა, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება. რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, სადაც ძლიერი ოჯახები იქნებიან, ძლიერი ადამიანები.

საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომ მისთვის ეს არის ქვეყანა, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეუძლია. ეს გზა გრძელდება, ის დიდი ღვაწლი, რაც ჩადეს ადამიანებმა, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს ჩვენ უნდა გავიაზროთ, როგორც მნიშვნელოვანი წინამძღვარი, რაც გასაკეთებელი გვაქვს. საქართველო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი, საზოგადოება. ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, როდესაც ყველა ერთად ვართ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები