ლერი ბარნაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლერი ბარნაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – მალხაზ თორია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა, ლერი ბარნაბიშვილმა მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანლებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებით ყველა ქალაქში, სოფელსა და ქუჩებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობისა და მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციასა და პრობლემების დროულად გადაჭრაში დახმარება აღუთქვა. ლერი ბანრნაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ მასშტაბურ პროექტებზე. ,,ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც წყლის და წყალარინების სისტემები იმუშავებენ ყველაზე თანამედროვე სისტემებით და დააკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტს, ეს იქნება ქალაქი, სადაც კომპლექსურად გვარდება ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა. ამაში იგულისხმება, როგორც წყლის სისტემის ნაგებობის შექმნა, დაქსელვითი სამუშაოები და მაღალი ხარისხის წყალი, ასევე საკანალიზაციო სისტემა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ ლარამდეა. ჯამურად, სამივე მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო 220 მილიონ ლარამდე. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეს პროექტები არის ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის, რადგან ზუგდიდს აქვს ის ინფრასტრუქტურა, რაც არ ჰქონია აქამდე. წყლისა და წყალარინების ამ ახალი ინფრასტრუქტურით ქალაქი ათწლეულების განმავლობაში ისარგებლებს. ამ მიმართულებით პროექტს ვახორციელებთ ფოთში, სადაც გამწმენდი ნაგებობის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, ასევე, აქვე მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა. ამ პროექტს აქვს გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რთული რელიეფიდან გამომდინარე, თუმცა, კომპანიას მიეთითა კონკრეტული ვადები და დაევალა მაქსიმალური მობილიზება“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანლის თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები