სანდრო რაქვიაშვილი: მხარეებს თუ სურვილი ექნებათ, ყოველთვის შეიძლება, შევთანხმდეთ
“ჩვენ სულ ვამბობდით, რომ თუ სურვილი იქნება, ყოველთვის შეიძლება, შევთანხმდეთ და კომპრომისი მარტივად ვიპოვოთ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკების სურვილი არ არსებობს.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ექნებათ თუ არა მხარეებს სურვილი, შეთანხმდნენ. ჯერ არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამის სურვილი არსებობს. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ თუ სურვილი იქნება, ყოველთვის შეიძლება, შევთანხმდეთ და კომპრომისი მარტივად ვიპოვოთ. პრინციპში, ახლაც გასაგებია, რა კომპრომისი უნდა იყოს ეს. რომ დავუკვირდეთ განცხადებებს, ქმედებებს, როგორც ჩანს, ჯერ არ ჩანს, როდის გამოჩნდება, მაგრამ იმედია, ჩვენი მეგობრები ევროპიდან, ამერიკიდან მხარეებს სურვილს გაუჩენს. ჩვენ რაღაც გაგებით ამ მოლაპარაკების წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და არ გამოგვივიდა, ევროპელ მეგობრებს არ გამოუვიდათ, ამერიკელები დაგვრჩა და არ ვიცი, მაგათ რა გამოუვათ. თუ იქნება მოლაპარაკებები, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს წარმატებით დასრულდეს, მაგრამ ამ მომენტში პერსპექტივას ვერ ვხედავთ. მოლაპარაკებებს არ ვგეგმავთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრები გვქონდეს, რადგან გავაცნოთ ჩვენი გეგმა, რომელიც საჯარო იქნება სულ მალე, რომ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ეს გეგმა დავხვეწოთ და მათი რეაქციაც შევაფასოთ. ამ ყველაფრის შემდეგ, ასევე დაველოდებით პატიმრების საკითხში, რა რეაქცია ექნებათ ჩვენ მეგობრებს ევროპაში, ამერიკაში. ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. „ქართულ ოცნებასთან“ სულ გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა ინტენსიურობით, მაგრამ, ზოგადად, შეხვედრა და აზრის გაცვლა არ არის პრობლემა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.