მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი: შეცვლილი ჩვენებისა და გამოკვეთილი უზუსტობების გამო, მოწმეები ხელახლა უნდა გამოიკითხონ

ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიძე საქმის მოწმეების ხელახლა გამოკითხვას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, საქმის 5 ტომი მოწმეთა ჩვენებებისგან შედგება, თუმცა, შეცვლილი ჩვენებებისა და გამოკვეთილი უზუსტობების გამო საქმეზე კითხვები გაჩნდა.

ვახტანგ ბარამიძის თქმით, ამ ტომებში ძირითადად ახალციხის მედპერსონალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებია, მათი უმრავლესობა რამდენჯერმე გამოიკითხა და ერთი და იმავე ადამიანების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.

ბარამიძის თქმით, ასევე, არაზუსტია გამოკითხულთა მიერ დასახელებული ვაქცინაციის დრო და ვიდეოჩანაწერში ასახული დრო, რაც კიდევ ერთი უზუსტობაა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არ დევს ვაქცინის ფლაკონი, რაც საეჭვოს ხდის საქმის გამოძიების დეტალებს. ადვოკატი 18 მარტს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგებისთვის მოწმეების თავიდან გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. იმავე დღეს მეგი ბაქრაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარს შს სამინისტრო იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები