კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს

კახეთში ვენახების რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე. თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა. 2021 წლის რთველის ჩატარება კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით იგეგმება. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში – ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პანდემიის გამო, 2020 წელს პროგრამის საველე სამუშაოები შეჩერებული იყო. მუშაობა მიდიოდა მხოლოდ მონაცემთა სრულყოფისა და განახლების მიმართულებით. 2021 წელს იგეგმება 26 ათასამდე ჰექტარი ფართობის აეროგადაღებები კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობასა და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვითა და აეროფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ. ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მიმდინარე წელს იგეგმება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები