პოზნერი აქციის მონაწილეებს “დაქირავებულ კვერცხის მსროლელებს” უწოდებს და თავს “საპატიო კახელად” მიიჩნევს – ჟურნალისტის ვრცელი განმარტება ინცინდენტზე

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ვლადიმერ პოზნერმა თბილისში 31 მარტის და პირველი აპრილის ღამის ინციდენტზე, პირველად, ვრცლად ისაუბრა და მომხდარი განმარტა.

როგორც მან დაწერა, თბილისში სასტუმროსთან, ასევე, რესტორანთან – სადაც იმყოფებოდა, “კვერცხების სროლის მოყვარულები” შეიკრიბნენ, რომლებსაც ამ საქმიანობისთვის ფულსაც უხდიან.

პოზნერის თქმით, ასეთი ადამიანები მრავლად არიან სხვადასხვა ქვეყანაში და ამის გამო არც საქართველოზე და არც ქართველ ხალხზე ნაწყენი არ არის.

ვლადიმერ პოზნერი მომხდარს უკავშირებს საქართველოში მიმდინარე, “სასოწარკვეთილ პოლიტიკურ ბრძოლას”, რომელიც ოპოზიციის მიერ იქნა გამოყენებული.

“მსურს, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე, პირდაპირ ვიტყვი, მოულოდნელი იყო და ყველას სათითაოდ მადლობა ვერ ვუთხარი. მინდა, ეს ახლა გავაკეთო.

ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც თბილისში შექმნილ ვითარებაზე შეშფოთება გამოთქვა. იქ დაბადების დღის აღნიშვნა ერთგვარი ტრადიცია გახდა, ორჯერ გადავიხადე და მესამედაც ჩავედით და მოხდა ის, რაც მოხდა.

უკვე ვთქვი, რომ ამ ინციდენტზე კომენტარს არ გავაკეთებდი და არც გამიკეთებია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ბევრ კითხვას ისევ მისვამენ: როგორ მოხდა და რა იყო – გადავწყვიტე, ახლა გავაკეთო ყველასთვის განმარტება მოკლედ და გასაგებად.

საქართველოში სასოწარკვეთილი პოლიტიკური ბრძოლაა და ოპოზიციამ ჩემი სტუმრობა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო ერთგვარი, არც ვიცი, რა ვუწოდო, შაბაში, ალბათ. გაახსენდათ სამი წლის წინანდელი ჩემი გამონათქვამი აფხაზეთზე და ხმა აიმაღლეს ჩვენი ავტობუსის მისამართით კვერცხების სროლით, როგორც ჩანს, ბევრი ქათამი ჰყავთ. ჩვენი რესტორნის კედლებზე აბრახუნებდნენ, იდგნენ, ყვიროდნენ ჩვენი სასტუმროს აივნის ქვეშ, უსვტვენდნენ და სხვ. უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, რომ არ შემექმნა ჩემი მეგობრებისთვის საფრთხე. დავბრუნდით მოსკოვში და შესანიშნავად აღვნიშნეთ დაბადების დღე, ძალიან “აჟიტირებულად” ვიყავით. თბილისის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ.

მთელი სიცხადით მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ან ქართველების მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს, თანაც, საპატიო კახელიც ვარ და, ბუნებრივია, საქართველოში კიდევ ჩავალ – აუცილებლად.

რაც შეეხება კვერცხების სროლის მოყვარულებს, განსაკუთრებით, თუ ამაში ფულს გიხდიან – ასეთი ადამიანები ყველა ქვეყანაში არსებობენ და, როგორც უკვე დავწერე, სინამდვილეში, ისინი ყურადღების ღირსნიც არ არიან”, – დაწერა პოზნერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები