შალვა პაპუაშვილი: ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდით პოლიტპატიმრებს, ასეთები ჩვენს ქვეყანაში რომ არსებობდნენ

“ევროპიდან და ამერიკიდან ერთნაირი განწყობები მოდის, რასაც ჩვენ ნაწილობრივ ვიზიარებთ. გასაგებია, მათ არ მოსწონთ საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება, თუმცა, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, ვის მიუძღვის ამ ყველაფერში ბრალი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ პრინციპულად არ ეთანხმებოდა დანიელსონის დოკუმენტს, შესაბამისად, ხელის მოწერას აზრი არ ჰქონდა.

,,ნებისმიერი ჩვენი ევროპელი კოლეგის განცხადება, მომართვა და წუხილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ადეკვატურად აღვიქვამთ მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს. რაც შეეხება ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტას, ამის გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამართულ ასოცირების საბჭოზე საქართველო ძალიან დადებითად შეაფასა. შესაბამისად, ვფიქრობ, დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს.

მეორე მხრივ, ვიცით, ჩვენი ხელისუფლების მოტივაცია როგორია, რა გზით მივდივართ და რას ვაკეთებთ. ყველანაირად ვცდილობთ, ვიყოთ კონსტრუქციული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ყველა, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ისე საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჯიუტობს და არანაირ შეთანხმებას არ ცნობს. ზოგიერთმა ბატონი დანიელსონის დოკუმენტს ,,კოჭლი დოკუმენტი” უწოდა იმის გამო, რომ მასში საუბარი არ იყო ვადამდელ არჩევნებზე. ასეთ გაჯიუტებულ ოპოზიციასთან რა უნდა გავაწყოთ? მე არამგონია ოპოზიციას ასეთი ქმედების გამო ევროკავშირმა ქვეყნის, ხალხის დახმარებაზე უარი თქვას.

ევროპიდან და ამერიკიდან ერთნაირი განწყობები მოდის, რასაც ჩვენ ნაწილობრივ ვიზიარებთ. გასაგებია, მათ არ მოსწონთ საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება. თუმცა, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, ვის მიუძღვის ამ ყველაფერში ბრალი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ერთ მხარესაა, ბრალი კი მეორეს მიუძღვის. სამწუხაროდ, ჩვენ, პასუხისმგებლიან მხარე, არ შეგვიძლია ზემოქმედება ოპოზიციაზე, რომელიც უსაშველოდ გაჯიუტებულია. ეს არის პოლიტიკური რეალობის აბსურდი.

ჩვენ ვიყავით მზად შეთანხმებისთვის. ჩვენი მიზანი დოკუმენტზე ხელმოწერა არ იყო. სხვათა შორის, ბატონმა დანიელსონმა თავიდანვე თქვა, რომ ეს მედიაცია ინდივიდუალურ ხელმოწერებს არ ითვალისწინებდა. შეთანმხება ან იქნება, არ არ იქნებაო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ პრინციპულად არ ეთანხმებოდა დოკუმენტს. შესაბამისად, ხელის მოწერას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, როგორც კი გამოვედით მოლაპარაკებიდან, ირაკლი კობახიძემ მაშინვე თქვა, მართალია, შეთანხმება არ შედგა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გავატაროთ ყველა რეფორმა, რომელზეც დოკუმენტშია საუბარიო.

ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდით პოლიტპატიმრებს, ასეთები ჩვენს ქვეყანაში რომ არსებობდნენ. რურუას სასამართლო განაჩენი გამოტანილი აქვს და დადასტურებულია, რომ იარაღს უკანონოდ ატარებდა. მელიას საქმეში განსჯის მთავარი საგანი იყო, პატიმრობა უნდა შეფარდებოდა თუ არა. ჩვენ თანახმა ვიყავით, გამოგვეცხადებინა ამნისტია და გაგვეთავისუფლებინა მელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მხოლოდ მელიას გათავისუფლებაზე საუბრობდა. ჩვენ ვთქვით, რომ ამნისტიას გავავრცელებდით ყველაზე, ვინც 20 ივნისს პარლამენტზე მიიტანა შტურმი. ოპოზიციამ უარი თქვა. რურუასთან დაკავშირებით ჩვენ არაფრის შეთავაზება არ შეგვეძლო, თუმცა დანიელსონმა თქვა, რომ თავად რურუას ან მის გულშემატკივრებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ისეთი მექანიზმები, როგორიც არის პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლება ან სხვა მსგავსი,”- აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს, მისი თქმით, ხელისუფლება რეფორმებს მაინც გაატარებს, საარჩევნო რეფორმა უკვე ინიცირებულია.

,,ჩვენ მაინც გავატარებთ რეფორმებს, საარჩევნო რეფორმა უკვე ინიცირებულია, პროექტი წარდგენილია და ოდირის დასკვნას ველოდებით. ჩვენი საარჩევნო რეფორმა უფრო მოცულობითია და მეტ საკითხს მოიცავს, ვიდრე ოპოზიციას ჰქონდა ჩამოწერილი. იმავეს ვაპირებთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარტიებთან ურთიერთობას, ჩვენ მათთვის ღია კარს ვტოვებთ, ნებისმიერ მომენტში, როდესაც საპარლამენტო ცხოვრებაში გადაწყვეტენ ჩართვას, ჩვენ მათ კონსტრუქციულად დავხვდებით”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის 2-რაუნდიანი მისია ჩაიშალა, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები