„2008 წლის ზაფხულში სააკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყებას გეგმავდა“

სააკაშვილსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარს ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდა

   „გიგა ბოკერია ბოლო ხმაზე აღფრთოვანებული გაჰყვიროდა, „კარტა ბელე“ გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო”, – ეს სკანდალური განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტელეიმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დრო” გაახმოვანა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას თავდაცვის სამინისტროში, 2008 წლის გაზაფხულზე, ღამის 01:00 საათზე, სოხუმამდე მისვლის გეგმა გააცნეს. მისივე თქმით, სამინისტროში გამართულ თათბირს გენერალური შტაბის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა და ამ ფაქტს არა ერთი მოწმე ოფიცერი ჰყავს.
ბურჯანაძე ასეთი გადაწყვეტილების მოწმეთა შორის ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებს: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას, ტყეშელაშვილს, ლომაიას, ვაშაძეს და კეზერაშვილს ასახელებს. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ის და ბეჟუაშვილი ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, გიგა ბოკერია კი, “ბოლო ხმაზე აღფრთოვანებული გაყვიროდა: “კარტა ბელე“ გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო”. “ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დაიწყეს. ეს ფაქტი არ მომიყოლია მანამ, სანამ ამაზე საუბარი თავისი სიბრიყვით სააკაშვილმა არ დაიწყო. წინა ხელისუფლებამ ყველანაირი იარლიყი მომაწერა და სამშობლოს მოღალატე მიწოდა, მაგრამ არ მინდოდა ქვეყანა დაგვეზარალებინა და ვინმესთვის იმის თქმის საფუძველი მიმეცა, რომ საქართველო აპრილშიც კი ომისთვის ემზადებოდა. ეს თავად სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა და ამის შემდეგ, ბუნებრივია, გამეხსნა ხელი, დავადასტურე და უფრო გახსნილად შემიძლია ვილაპარაკო, რომ დიახ, ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა. არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ღამის პირველ საათზე გამაცნეს. ეს იყო სოხუმამდე მისვლის გეგმა. ამას ესწრებოდა გენერალური შტაბის შემადგენლობა, მაგრამ სოხუმს იქით დანარჩენი აფხაზეთი სააკაშვილს და მის მეგობრებს არ აინტერესებდათ. სწორედ მაშინ შედგა სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის, რომელიც ასევე პირველად სააკაშვილმა გაახმოვანა და არა მე. ამ სატელეფონო საუბარს ვესწრებოდი და ის ჩემი ინიციატივით შედგა. სააკაშვილმა გაიხსენა კიდეც, რომ სწორედ მაშინ უთხრა პუტინმა, თუ შენ ომს დაიწყებ, იქ დგანან ჩვენი სამშვიდობო ძალები, დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხაზეთს და სამხეთ ოსეთს და დაგიშლი ქვეყანასო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები