ინფრასტრუქტურული სამუშაოები გორში – გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები მერმა -კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 984 994 ლარია.
“ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 მეტრია. რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება. პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება გზის როგორც საავტომობილო, ასევე – საფეხმავლო ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. იგეგმება, ასევე, სკვერის, გარეგანათების, მოაჯირის მოწყობა და დეკორატიული სკამების დადგმა. გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთის (26 მაისის სანაპიროდან კახნიაშვილის ქუჩამდე), 2018 წელს რეაბილიტირდა. გარდა იმისა, რომ განხორციელდა საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის, ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა. ქუჩის ორივე ნაწილის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით დაიგეგმა”, – განაცხადეს მერიაში.