ნიკოლოზ სამხარაძე: არ ვფიქრობ, რომ საერთოდ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაიმე სახის სანქციებზე მაშინ, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდის

“შვიდ ევროპარლამენტარს შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაციით მიმართონ ევროპულ კომისიას, რომელიც შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე არ ფიქრობს, რომ საერთოდ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაიმე სახის სანქციებზე მაშინ, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.

„საქართველოსთან დაკავშირებით ფინანსურ დახმარებასა თუ რაიმე სხვა პაკეტზე გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. აქედან გამომდინარე, შვიდ ევროპარლამენტარს შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაციით მიმართონ ევროპულ კომისიას, რომელიც შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი ხედავენ, რომ შეთანხმების ჩავარდნაში პასუხისმგებელია ორივე მხარე. ჩვენ ამას ასე არ ვხედავთ, რადგან „ქართული ოცნება” მზად იყო, მცირე შესწორებებით ხელი მოეწერა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. საქმე ამ მცირე შესწორებების განხილვამდეც კი არ მისულა. ეს მათთვის თუ უცნობია, შეგვიძლია, ეს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ მზად ვიყავით შეთანხმებისთვის. არ ვფიქრობ, რომ საერთოდ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაიმე სახის სანქციებზე მაშინ, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდის. ეს ხელისუფლების ბრალი ვერ იქნება და ამის გამო ხელისუფლება არ უნდა დაისაჯოს. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ ბრიუსელში. ეს განცხადება ურთიერთობებს არ გააფუჭებს. ეს პოზიცია განპირობებულია იმით, რომ შეთანხმება არ შედგა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები