დავით ზალკალიანი: არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს
“არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი, მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს.
„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. იგი 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს.
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს კანონის სრული დაცვით და უდანაშაულობის სინდრომის აღმოფხვრით უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი უმძიმესი დანაშაულების პრევენცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს დავით ზალკალიანი.