იმერეთში, 42 ვეტერინარულ ობიექტში დარღვევები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები და ზოომაღაზიები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ 98 ობიექტში განხორციელდა.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო, 42 ობიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრა.
„ფერმერებისა და შინაური ცხოველების მეპატრონეთა ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით კონტროლს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, ვეტერინარული პრეპარატების შეძენისას ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, მასზე მითითებულ ვადასა და გამოყენების წესს და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს – 15 01“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.