კორონავირუსის მომატებული შემთხვევები გურიაში – რეგიონის რამდენიმე სკოლა და ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კოვიდვითარების გაუარესების გამო, დღეიდან სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს და სკოლების ჩამონათვალს აქვეყნებს.
“კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, ხვალიდან სასწავლო პროცესი 2 კვირის ვადით სკოლებში შეჩერდება და დისტანციურ რეჟიმზე გადავა: ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში: საჯარო სკოლებსა და ბაღებში; ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში: საჯარო სკოლებსა და ბაღებში; ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლებსა და ბაღებში; სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში; აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.