სალომე სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას შეუძლია.
“პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიცაა, მაგალითად – საკონსტიტუციო ცვლილება და შემდეგ ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ როგორც ორივე პოლიტპატიმრის – მელიასა და რურუას გათავისუფლებაზე, ისე პრინციპზე, რომ ქვეყანაში სრულდება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო იმ მოცემულობაში, როდესაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით აჰყავთ მძევლებად და მერე ევაჭრებიან მათი გათავისუფლებით”, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოდან უკვე გაემგზავრა.