შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია „სპარში“, მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ., ო.გ. და დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა – 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.