საქართველოს პროკურატურაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ექსპერტებმა შეაფასეს, თუ რამდენად პასუხობს ორგანიზაციის საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებულ ვალდებულებებს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, ორგანიზაციის პოლიტიკის გენდერული ანალიზის საფუძველზე აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა. “მიღებული შედეგების გაცნობის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ვაშაკიძემ გახსნეს. შეხვედრის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტებმა, პროკურატურის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებს თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული საკითხების ჩართვა ორგანიზაციის ამოცანებში, პროგრამებსა და მათი განხორციელების ციკლში, ინფორმაციისა და ცოდნის მართვა ორგანიზაციის შიგნით, გენდერული თანასწორობის ასახვა ორგანიზაციის პროდუქტებსა და საზოგადოებრივ იმიჯში, ადამიანური რესურსების მართვაში გენდერული პოლიტიკის განხორციელება, თანამშრომლების მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მიღწევების აღქმა და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის საფუძველზე შემდგომი აქტივობები დაიგეგმება და განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურაში გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები