“მხოლოდ რუსული ვაქცინით ავცრით მოსახლეობას” – სოხუმი თბილისს პასუხობს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.ადმინისტრაციაში “საქართველოს ხელისუფლების მზაობა ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის აცრის” შესახებ პიარ-აქციად შეაფასეს.
როგორც ე.წ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, “არ ვსაჭიროებთ საქართველოსა და მისი ხელისუფლების დახმარებას. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში გვეხმარება ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში მალე დაიწყება ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი პრეპარატით”.
რაც შეეხება “ქართული მხარის” შეთავაზებას, სოხუმში მის განხილვასაც კი არ აპირებენ.
“არ ვაპირებთ სხვა ქვეყნებში შემუშავებული ვაქცინების შეძენას”, – განმარტეს ე.წ. ადმინისტრაციაში.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის”.