პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. 1982 წელს დაბადებული ო.ს. დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს – 1977 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, საგარეჯოში დააკავა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.