ირაკლი ზარქუა: კუბილიუსის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია, სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არის ზარალი
“კუბილიუსის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია, სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არის ზარალი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ივანიშვილთან საპირწონედ დაყენება ამორალურია.
„კუბილიუსის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია. ეტყობა, კუბილიუსს ინფორმაცია არ აქვს, რომ სააკაშვილი ძებნილია და დადანაშაულებულია არ ერთ სამართალდარღვევაში. მათ შორის, გირგვლიანის თემაზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება ამ ადამიანის წინააღმდეგ. გელაშვილის ცემის თემაზე პირდაპირ არის მითითებული, ვისი დაკვეთით და როგორ მოხდა, აქაც დადანაშაულებულია. იცით, კორუფციის თემაზეც სახელმწიფო სახსრებსა და ბიუჯეტს როგორ იყენებდა ეს ვაჟბატონი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამიტომაც მიუღებელია, ის რამე ფორმატის მოლაპარაკებებში იყოს წარმოდგენილი.
რაც შეეხება სააკაშვილის ივანიშვილთან საპირწონედ დაყენებას, ესეც ამორალურია. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ათეული წლებია, ყველა ინსტიტუციის გამართულად მუშაობის გარანტი იყო. კაცმა თქვა, რომ ახლა უკვე მიხედეთ, აგერ გაქვთ სახელმწიფო, გაქვთ ინსტიტუციები და მე პოლიტიკიდან გავდივარ. ახლა კიდევ ვთხოვოთ დაბრუნება, მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ეს არაგონივრული, არამიზანმიმართული და არაარგუმენტირებულია. კუბილიუსსა და დანარჩენ ევროპარლამენტარებს მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გაეცნონ, რა დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას „ენდიაის“ კვლევებში. რა დაკვეთა და მოთხოვნა აქვს ევროპარლამენტს და სენატს, იმის მიხედვით მიხვდება, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არის ზარალი და სააკაშვილი ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუხრუჭია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.