თბილისში, პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, პეკინის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მისამართზე გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები