თეა წულუკიანი: დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არავითარ სიკეთეს და განვითარებას არ მოუტანდა
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სისტემური რეფორმები, მას შეუძლია სწრაფი ნაბიჯების გადადგმა რეფორმების გზაზე, რომელსაც შემდეგ არქმევს რეფორმას.
მისი თქმით, საერთოდ არაა გასაკვირი, თუ უკრაინელი ხალხის ფულს განკარგავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
„დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არავითარ სიკეთეს და განვითარებას არ მოუტანდა, რადგან მან იცის მხოლოდ ფასადური რეფორმები, სერიოზული პრობლემები აქვს ფულთან. როგორც ერთი ადამიანის მიდგომა ფულთან არის ძალიან კონფლიქტური, იმ გაგებით, რომ მას თავისუფლად შეუძლია, სახელმწიფო ფული პირადი მიზნებისთვის განკარგოს. ეს საქართველოში არაერთხელ გაუკეთებია. უფრო მეტიც, ამის გამო ის საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავედ არის ცნობილი. ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ის უკრაინელი ხალხის ფულს განკარგავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ქართველების დიდმა უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სისტემური რეფორმები, მას შეუძლია, ზედაპირულად სწრაფი ნაბიჯების გადადგმა რეფორმების გზაზე, რომელსაც შემდეგ არქმევს ხოლმე რეფორმას, მაგრამ ფასადი რეფორმა ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.