ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადა გადაწია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთში აშშ-ის ჯარი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დარჩება და არა – პირველ მაისისამდე, როგორც ეს დონალდ ტრამპის მიერ იყო გაცხადებული.

ამის შესახებ მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადრე გაცხადებულ ვადაში ჩატევა გართულდება, როგორც ამას ტრამპის ადმინისტრაციისა და “თალიბანის” შეთანხმება ითვალისწინებდა.

“ჩემს გეგმაში არ შედის იქ დიდი ხნით დარჩენა. წავალთ. საკითხია, როდის წავალთ იქედან. რთული იქნება პირველი მაისის ვადის შესრულება. ჯარის გაყვანა ტაქტიკური მიზეზით გართულდება”, – თქვა მან.

ბაიდენის თქმით, სხვა ქვეყნებთან, ასევე, ნატო-სთან მიმდინარეობს კონსულტაციები და თუ აშშ დატოვებს ავღანეთს, ეს მოხდება “წესისა და უსაფრთხოების” გათვალისწინებით.

“თალიბანმა” და ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში გააფორმეს, რომლის მიხედვით, აშშ-ის ჯარის გაყვანა 2021 წლის პირველ მაისს უნდა დასრულებულიყო. თავის მხრივ, ,,თალიბები,, ავღანეთის მთავრობასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაში შევიდოდნენ და პირობა დადეს, რომ ავღანეთი არ გახდება საერთაშორისო ტერორისტებისთვის ბაზა.

“თალიბანი” 1994 წელს დაარსდა, ავღანეთში სამოქალაქო ომის დროს. 1996-2001 წლებში ისინი ქვეყნის სადავეებშიც იმყოფებოდნენ, მაგრამ 2001 წელს ისინი დაამხეს და ამ ხნის მერე პარტიზანულ ომში შევიდნენ სამთავრობო ძალებსა და ნატო-სთან კონტინგენტთან. აშშ-მა ავღანეთში ჯარი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეიყვანა.

ჯამურად, ავღანეთში აშშ-მა 98 ათასი ჯარისკაცი გადაისროლა, აქედან 1900-ზე მეტი დაღუპულია და 20 ათასზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები