შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხაშურში 1986 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-სურამის შემოვლითი გზის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა კალიბრის 745 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათადარიგო ნაწილები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.