ირაკლი ქადაგიშვილი: ორი თვით ადრე დაანონსებული აქცია ცოტა ღიმილის მომგვრელია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ორი თვით ადრე დაანონსებული აქცია ღიმილის მომგვრელია.
„პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ეს ორი თვით ადრე დაანონსებული რაღაც აქციები ცოტა ღიმილის მომგვრელია და აცდენილია დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც საქართველოს წინაშე დგას და რასაც ჩვენი დასავლელი მეგობრები ჩვენთან მედიაციის პროცესში ახორციელებენ.
გამომდინარე აქედან, მე არ ვთვლი, რომ ამ დაანონსებული მიტინგების გამო ჩვენ რამენაირად ზედმეტი დრო უნდა დავხარჯოთ და, ალბათ, უფრო მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ იმ თემებზე, რომლებზეც უკვე მუშაობს პარლამენტი და რომლის განხილვასაც მედიაციის ფარგლებში ჩვენი დასავლელი მეგობრები გვირჩევენ და, ალბათ, ეს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ახლო მომავალში უკვე გაგრძელდება, ვფიქრობ, გადამწყვეტია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს, ოპოზიციამ დაიწყოს რეალური პოლიტიკის კეთება პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.