მიხეილ სარჯველაძე: ნატალია საბანაძის განცხადება არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ხელისუფლება ვაცხადებთ

“ნატალია საბანაძის განცხადება  არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ხელისუფლება ვაცხადებთ”, – ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის განცხადება.

სარჯველაძის თქმით, საბანაძის მოსაზრებები სრულიად საპირისპიროა ასევე იმ გზავნილების, რაც სენატში გაჟღერდა.

“საბანაძის განცხადებას რაც შეეხება, ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ვაცხადებთ ხელისუფლება, რაც კონსტიტუციაში წერია, რაც კონკრეტული საქმეებით დასტურდება და რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა იმ განხილვების დროს, რომელიც ამ დილით ყველამ ერთად მოვისმინეთ და ეს არის აშშ-ის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მათი საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრებები. ამის საპირისპიროა შეიძლება, ის მოსაზრებები, რომელსაც აჟღერებს ქალბატონი ნატა. მდგომარეობა, რეალურად, თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რა შეხედულებაც შეიძლება, იყოს განვითარებული ქალბატონი საბანაძის მოსაზრებებში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ფრანგულ გამოცემა Le Monde-სთან ინტერვიუში საბანაძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან უთანხმოება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები