გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი ახალციხის “იმედის” კლინიკის ხელმძღვანელისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართული ყველა პირის გამოკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
ადვოკატის თქმით, ვაქცინაციიდან 6, ხოლო 27 წლის ექთნის გარდაცვალებიდან 5 დღე გავიდა, იურისტებს კი ჯერ არცერთი პირის გამოკითხვის ოქმი არ მიუღიათ.
“მივმართავთ პროკურატურას იმ კონკრეტული პირების გამოკითხვის მიზნით, რომლებიც დღემდე გამოკითხულნი უნდა იყვნენ გამომდინარე იქედან, რომ ვაქცინაციიდან 6 დღე, ხოლო გარდაცვალებიდან 5 დღე გავიდა და ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, არანაირი გამოკითხვის ოქმი ისეთი პირების, როგორიც არის ახალციხის კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელი, ვაქცინაციის ჩამტარებელი ექთანი, ექიმი, ამბულატორიის უფროსი, რეანიმატოლოგი, არავისზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუ ვინ რა მოქმედებას ატარებდა, ვინ გაუწია და გაეწია თუ არა საერთოდ დროული სამედიცინო დახმარება მეგი ბაქრაძეს”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.