აშშ-ის მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭო (DSMB) შეწუხებულია იმის გამო, რომ ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca- მ, შესაძლოა არასრული მონაცემები მიაწოდა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ.
ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მანამდე, AstraZeneca-ში განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებში, ჩილესა და პერუში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ვაქცინის ეფექტურობა 79%-ით სიმპტომური კორონავირუსის წინააღმდეგ და 100% მძიმე პაციენტების შემთხვევაში. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ არ გამოავლინა თრომბოზის გაზრდილი რისკი ვაქცინირებულ ადამიანებში. AstraZeneca-ს განცხადების თანახმად, ადამიანებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს და რომ აშშ-ის მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს (DSMB) ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გამოუვლენია.
თუმცა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 მარტს მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭომ მათ, მოწინავე ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების სამმართველოს (BARDA), ასევე “ასტრაზენეკას” აცნობა, რომ იგი “შეშფოთებულია AstraZeneca- ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საწყისი კლინიკური კვლევის მონაცემებთან დაკავშირებით”.
”საბჭომ გამოთქვა შეშფოთება, რომ AstraZeneca- მ, შესაძლოა შეიტანა კვლევის მოძველებული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს პრეპარატის ეფექტურობის მონაცემების არასრულ სურათს. ჩვენ ვთხოვთ კომპანიას, ითანამშრომლოს DSMB-თან, რომ მოხდეს პრეპარატის ეფექტურობის შესახებ მონაცემის გაანალიზება და უზრუნველყოს, რაც შეიძლება სწრაფად ზუსტი და უახლესი მონაცემების გამოქვეყნება,” – ნათქვამია აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) განცხადებაში.