დათა პაპა “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სოფელ ხურვალეთში გარდაცვლილი დათა ვანიშვილი “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, დათა ვანიშვილისთვის “სამოქალაქო თავდადებისთვის” ორდენი მიენიჭებინა.