“სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენთვის რთული გადაწყვეტილება იყო “

  ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს ადგილი არ ექნება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალურ მიღებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგა, ამაზე საქართველოს ადეკვატური რეაგირება ექნება.
“გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს ადგილი ჰქონდეს ისეთ მოულოდნელობას, როგორიც ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიღებაა, მაგრამ თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ინტერვიუში საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი არ გამოუცხადა, რაც რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო.
“გულწრფელად რომ გითხრათ, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენს ურთიერთობაში კვლავაც უდიდეს პრობლემად და შეშფოთების საკითხად რჩება კონფლიქტისა და ოკუპირებული რეგიონების საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, “ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ტერიტორიაა და რეალობა ის არის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ეს საქართველოა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები