დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინაციის პროცესს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის სტატუსით ვადევნებ თვალ-ყურს
ვაქცინაციის პროცესს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის სტატუსით ვადევნებ თვალ-ყურს, – მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუდნაძემ განაცხადა.
ხუდნაძემ, 27 წლის ექთნის ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირებულ გართულებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მოხმარების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
“ვაქცინაციის პროცესს, პაციენტის სტატუსით თვალყურს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვადევნებ. მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენი კოლეგის, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა,რომელიც ამავე კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია გადმოყვანილი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახს და კლინიკის მედპერსონალს კი ბ-ნ ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, გამარჯვებას ვუსურვებ.
მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ახალგაზრდა მედდის სიცოცხლის გადასარჩენად ადამიანურ ზღვარს მიღმა მუშაობენ. ასეთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მოხმარების შემთხვევაში. სამწუხაროა, მაგრამ სტატისტიკის თავიდან აცილება შეუძლებელია. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ის უნდა გაგრძელდეს. მის გარეშე ქვეყანაში ეპიდვითარება, შესაძლოა არა ერთეული შემთხვევებით, არამედ მასიურად დამძიმდეს. როდესაც არჩევანი მსოფლიოს წინაშე არის მხოლოდ ერთი, ჩვენც ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მეტი სიფრთხილით და ნაკლები ზიანით”, – აღნიშნავს ხუნდაძე.