ანრი ოხანაშვილი: ყველა ვერ გაუძლებს, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შესაძლოა, დატოვოს შეხვედრები
“ყველა ვერ გაუძლებს, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შესაძლოა, დატოვოს შეხვედრები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში აღნიშნა.
მისი თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები არ ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტებით.
“ყველა ვერ გაუძლებს, თქვენ ნახავთ, ალბათ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც არ ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით, მათთვის უცხოა ევროპული ფასეულობები, მათ შეიძლება დატოვონ ეს შეხვედრები, რისი დემონსტრირებაც იყო უკვე. გაუძლებს ის, ვისი ინტერესიც არის ხალხზე ზრუნვა, ქვეყნის წინსვლა და მე დარწმუნებული ვარ, საკმაოდ არსებობს რესურსი პოზიციების დაახლოების”, -აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა იმ მიზეზით, რომ პირველ თემად არ განიხილება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი, დიალოგის ფორმატი დატოვა.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რიგით მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.