„სამარშრუტო ტაქსები მეტროსა და ავტობუსებთან უფრო კარგად იქნება დაკავშირებული, ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს” – გელა კვაშილავა
“სამარშრუტო ტაქსები მეტროსა და ავტობუსებთან უფრო კარგად იქნება დაკავშირებული, არ ივლიან იმ ადგილებში, სადაც მიწოდება უკვე არის, ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს”, – ამის შესახებ გაერო-ს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვაშილავამ ის ცვლილებები და სიახლეები შეაფასა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს.
„რამდენად მორგებულია თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა მოქალაქეზე? – ეს კარგი შეკითხვაა. ათწლეულების მანძილზე თბილისში, საქართველოში სატრანსპორტო პოლიტიკა მარტო ავტომანქანებით გადაადგილებაზე იყო მორგებული. ამის შეცვლას დიდი მუშობა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება, სადაც არ იქნება სამარშრუტო ტაქსების დუბლირება, ასევე, საჭიროა პარკინგის, ტაქსის გამართული სისტემები, ველოსისტემა. თბილისში არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომელიც ბევრს ავიწყდება: მძღოლების 30 % ყოველდღიურად 3-დან 5 კილომეტრამდე გადაადგილდება. ამის შესაცვლელად პირველი, რაც მნიშვნელოვანია და კეთდება, არის ის, რომ თბილისში სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი საზოგადოებრივი ტრანსპროტი უნდა იყოს. რას ნიშნავს ეს: მეტრო, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთთან კარგად უნდა იყოს დაკავშირებული, ინტეგრირებული, რაც ადრე არ გვქონდა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სამდონიანი ურთიერთდაკავშირება. ეს დაიწყო და 2023 წელს სრულად უნდა დასრულდეს. მგზავრობის ფასი არ იცვლება, 50 თეთრია. მინდა, აღვნიშნო, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემიის გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შემოსავლები დაკარგა. ძალიან მნიშვნელოვანია ფასის შენარჩუნება. ჩვენთან ფასი არ იცვლება და ამ პირობებში გადაჯდომის დროც გაიზარდა, რომელიც 1 საათიდან 1, 5 საათი გახდა. სამარშრუტო ტაქსები უფრო კარგად იქნება დაკავშირებული მეტროსა და ავტობუსებთან, არ ივლიან იმ ადგილებში, სადაც მიწოდება უკვე არის. ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს“, – განაცხადა კვაშილავამ.
მან ტაქსისა და პარკინგის რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა.
„უამრავი რეფორმა მიდის ტრანსპორტის სფეროში: პარკინგის, ტაქსის რეფორმები. გახსოვთ, ტაქსის რეფორმა რომ დაიწყო, რამდენი ნეგატივი და პროტესტი გამოითქვა – რაში გვჭირდება, ეს რას მოგვიტანსო. ტაქსის რეგულირება სხვადასხვა ფორმით ყველა ქალაქში არსებობს. დღეს ვხედავთ, რომ თეთრი ტაქსი უფრო მოწესრიგებულია, უფრო სუფთაა. თუმცა, ამას შემდგომი ნაბიჯები სჭირდება. ის კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს. ამ მიმართულებითაც დაგეგმილია, რომ ნაბიჯები გადაიდგას.
პარკინგზეც მინდა, ვთქვა, მაგალითად – ლესელიძეზე, იმ ადგილებში, სადაც ეს გაკეთდა, ადრე შეუძლებელი იყო დაპარკინგება, ახლა უფრო გაჩნდა თავისუფალი ადგილები. ქუჩაში პარკირება ყველგან ფასიანია. ჩვენთან 1, 2 და 3 ლარია ფასი. ეს ფასი რაღაც პერიოდის მანძილზე არ უნდა შეიცვალოს. პანდემიაა, ეკონომიკური აქტივობა შემცირდა. თუმცა, პარკირება რომ საათობრივი და ზონალური უნდა იყოს, ეს აუცილებელია . რეგულირება საჭიროა, სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ საცობს მივიღებთ. საცობები ყველა დიდი ქალაქის პრობლემაა და ყველა ქალაქი ებრძვის ამ მიმართულებით: საზოგადოებრივი ტრასპორტის განვითარება, პარკინგის მოწესრიგება, ახლო მანძილებზე ქვეითად გადაადგილების წახალისება. სხვა რეცეპტი არ არსებობს. ბუნებრივია, არსებობს ხარვეზებიც, მაგრამ ამის მოწესრიგება შესაძლებელია, თუ მიმართულება სწორი იქნება. მიმართულება არის ის, რომ ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტით კარგად იყოს შეკრული. მაგალითად, დიდი დიღმიდან დაგეგმილია 18-მეტრიანი ავტობუსის სიარული, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ადგილს. დიდი დიღმის დაკავშირება სხვა უბნებთან ზუსტად ასეთი, სწრაფი ავტობუსებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად განახლების ვადად 2022 წლის დასაწყისს აანონსებს, 2023 წლიდან კი თბილისში მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელი სრულად ამოქმედდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.
„იცით, რომ მეტროსა და ავტობუსს შორის გვაქვს უფასო გადაჯდომის 90-წუთიანი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ თუ გადაიხდი მეტროში ან ავტობუსში, 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდები, ახლა ამ სისტემაში ჩაერთო ასევე მიკროავტობუსიც. ეს კი ნიშნავს, რომ მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. მეორეც, ავტობუსში და მეტროში მოქმედებდა შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე და ეს რეჟიმი ასევე გადავა მიკროავტობუსებშიც.
გაჩნდა იმის პერსპექტივა და იმის მყარი ეკონომიკური პირობები, რომ მოგვეზიდა 90-მილიონიანი სესხი, რაზეც ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ბანკებსა და კომპანიებთან ერთად. ეს მოლაპარაკებები დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების პროექტის ტექნიკური ნაწილის დამუშავება და უახლოეს პერიოდში წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად. ამის ფარგლებში, კომპანია მოიზიდავს 90-მილიონიან ინვესტიციას, საიდანაც მოხდება ნაწილობრივ 300 ერთეული მიკაროავტობუსის მინიციპალიტეტისგან გამოსყიდვა, ასევე, 400 ერთეულის დამატებით ყიდვა. კომპანიის მართვის სისტემა ამით მთლიანად შევცვალეთ. მუნიციპალიტეტი გახდა კომპანიის დამკვეთი, კომპანია გადავიყვანეთ ანაზღაურებაზე, ის დამოკიდებული აღარ არის ტარიფზე და არის ჩვენს მიერ დაქირავებული. ეს მოდელი არის ჩვენ მიერ დაქირავებული ფრანგული კომპანია “სისტრას“ დაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია დამოკიდებული არ იქნება მომხმარებლის მიერ გადახდილ ტარიფზე, მძღოლები გადადიან ხელფასის სისტემაზე და მათ ინტერესი არ ექნებათ ნელა ატარონ მიკროავტობუსი, მგზავრებით გატენონ, მოახმარონ იაფიანი საწვავი, კონდიციონერი არ ჩართონ, გაზზე გადაიყვანონ და ა.შ“, – განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ ავტობუსებმა უნდა იარონ.
„ცენტრალური ქუჩებიდან ამოვიღეთ მიკროავტობუსების ქსელი და გადავიყვანეთ შიდა საუბნო დონეზე. ესენი გახდა ავტობუსებსა და მეტროსთან დამაკავშირებელი საშუალება. მიკროავტობუსები ივლიან მხოლოდ მოკლე მანძილებზე.
მიკროავტობუსების ტარიფის ზრდა დღის წესრიგში არ დგას, არც განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მეტროსა და ავტობუსთან მიკროავტობუსის სინქრონიზაცია და ინტეგრირება გადახდის სისტემაშიც. სწორედ აქედან გამომდინარე დადგინდა ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიაკროავტობუსების ფასი 50 თეთრის ოდენობით. ეს იყო ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ხმალაძემ.
თამუნა შეყილაძე