ალეკო ელისაშვილი: ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით, ეს შემზარავია

“ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით, ეს შემზარავია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბურჯანაძის გვერდით ოპოზიციის წარმომადგენლები თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ.

„ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევით. ეს შემზარავია. ამ განცხადების შემდეგ როგორ დგებიან მის გვერდით და ერთობლივ მოთხოვნებს როგორ ახმოვანებენ, ვერ ვხვდები. როგორ შეიძლება, პუტინთან, იმ ადამიანთან ურთიერთობით ამაყობდე, ვინც ხალხი დაგვიხოცა, ჯარისკაცები იქნებიან თუ მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართული სოფლები მიწასთან გაასწორა, ტერიტორიები წაგვართვა, დღემდე აბუჩად გვიგდებს. შუაგულ ქართლში ჩვენს ხალხს ვინ იტაცებს? ამ კაცთან ურთიერთობითა და ხელის ჩამორთმევით რომ ამაყობ, ქართველი პოლიტიკოსი გქვია და ოპოზიციურ მარაქაში ხარ გარეული, ეს არის შემზარავი ამბავი. ამ განცხადების შემდეგ ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს როგორც ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, ასევე იმ ოპოზიციონერების, ვინც გვერდით ხელჩაკიდებული დაჰყვება ხოლმე. მანამდე, ოპოზიციურ არხებზე ამბობდნენ, წარმატებას ვუსურვებ პროდასავლურ ოპოზიციასო, შემდეგ შეიცვალა და დემოკრატიულ ოპოზიციასო, ნინო ბურჯანაძე რომელში ეწერება ძალიან მაინტერესებს. საქართველოს მტერთან, დამანგრეველთან მეგობრობით რომ ამაყობს, იმ ადამიანზე რა უნდა ილაპარაკო?”, –  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები