ზაზა ფურცელაძეს დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (OBE) მიენიჭა
მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, ზაზა ფურცელაძეს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (Honorary OBE), იმ განსაკუთრებული და მრავალწლიანი სამსახურისთვის, რომელიც მან ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა.
ინფორმაციას “ბრიტანეთის საბჭო” ავრცელებს.
“ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც ზაზამ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად, მისი 20 წლიანი მუშაობის დროს.
ზაზა ფურცელაძე ბრიტანეთის საბჭოს გუნდს 2001 წელს შეუერთდა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 2011 წელს გახდა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, ხოლო 2018 წელს დაინიშნა ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელად.
2011 წლიდან ზაზას ხელმძღვანელობით განხორიელდა არა ერთი ახალი მნიშვნელოვანი პროექტი და დამყარდა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან ქართულ და ბრიტანულ ორგანიზაციებს შორის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სწორედ ზაზას და მისი გუნდის დამსახურებაა 2012 წელს ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოში. მისი დირექტორობის პერიოდში, 2015 წელს ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს გუნდმა მოიპოვა მეორე ადგილი ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში – „სამეწარმეო საზოგადოებრივი სერვისის საუკეთესო მიმწოდებელი“. ამავე წელს ზაზა ფურცელაძე დაჯილდოვდა ბრიტანეთის საბჭოს გლობალური ლიდერის პრიზით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განვითარებისა და გაფართოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ჯილდოზე საუბრისას დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა აღნიშნა: “ბედნიერი ვარ და გულითადად ვულოცავ ზაზას ამ საპატიო ჯილდოს მიღებას. ეს ჯილდო ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს იმ წვლილს, რომელიც მან საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მუშაობაში შეიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი გაერთინაბულ სამეფოსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო და კულტურის სფეროების პოპულარიზაციში“.
ორდენი OBE გადაეცემათ თავიანთი საქმიანობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განსაკუთრებული მიღწევებისთვის.
დეტალურად საპატიო ორდენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქვე:
https://www.gov.uk/honours/types-of-honours-and-awards” – აღნიშნულია განცხადებაში.