თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენდერული თანასწორობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციული კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილული იყო ქალთა გაძლიერება პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების დონეზე, სოციალური ნიშნით დისკრიმინაციის შემცირების ღონისძიებები, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების გამოწვევები ქალებისთვის, რომელიც მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესებში.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს გაერო-ს 2021 წლის თანასწორობის მნიშვნელოვანი თემები და საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის მსოფლიო ფორუმთან, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხება და ეს არის თანასწორობა, დემოკრატია და გარემოს დაცვა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროპის საბჭოს 47 ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით გენდერული მიმართულებით განიხილება და არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი. მე მქონდა პატივი, მიმეღო მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კამპანიაში „ქალთა უფლებები-ადამიანის უფლებებია. კომიტეტის მიერ, დღეს განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უფრო გააძლიერებს გოგონების და ქალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ იყვნენ აქტიურები საზოგადოებრივ, საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, გარდა ამისა ეს იქნება მეტი მოტივაცია მათი განათლებისა და კარიერის დაგეგმვის პირობებში. ასევე, მნიშვნელოვანია კომიტეტის მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევისთვის”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.