დიდ დიღომში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. შემთხვევა 15 მარტს, ღამით მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.
,,თბილისი ენერჯის” ცნობით, ,,თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების 114-ის ჯგუფმა საფრთხე აღმოიფხვრა.
„საშინელი გაზის სუნია, არ ვიცით, რა ხდება, გვიშველეთ!“ – აღელვებული ხმით დარეკეს „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დიდი დიღმიდან. სწრაფი რეაგირების ჯგუფი სასწრაფოდ გავიდა ადგილზე. ძლიერი გაზის სუნი აპარატურის გარეშეც იგრძნობოდა. შემოწმების შედეგად კი, აი, რა აღმოჩნდა – იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის დაკეტილი ბინა დამლაგებელს დაულაგებია. როგორ და რანაირად არავინ იცის, მაგრამ გაზქურის ონკანები გახსნილ მდგომარეობაში დაუტოვებია და სახლი დაუკეტავს. გაზი კი მთელი საღამოს გამავლობაში ჟონავდა დაკეტილ ბინაში. ,,თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების 114-ის ჯგუფმა გაზი გადაკეტა და საფრთხეც აღმოიფხვრა, თუმცა რომ არა მეზობლების ყურადღება და დიდი პასუხისმგებლობა, ეს ამბავი, დიდი ალბათობით, ძალიან ცუდად დასრულდებოდა. კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. იყავით ფრთხილად, ყურადღებით და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ. თითოეული ადამიანის არასწორმა ქმედებამ შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც საფრთხის შესახებ დროულად შეგვატყობინეს ცხელ ხაზზე“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, როცა გაზის სუნს იგრძნობენ, დარეკონ 114-ზე.