ზურაბ ჯაფარიძე: თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს
“გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება – თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს”, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარს შინაარსი დაეკარგება, თუ პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნებიან და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.
„ჩემი შეხვედრა ახლა უნდა დაიწყოს, გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება. ამ წუთში, მე არ მაქვს ინფორმაცია, როგორ ჩატარდა შეხვედრა, მაგიდაზე რა წინადადებები დევს. რამდენიმე საკითხი პრინციპულია, მაგალითად, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, ამის გარეშე საუბარს შინაარსი არ აქვს. მეორე, ხელახალი არჩევნებია და ამაზე რამენაირად უნდა მივიდეთ. ეს გზა როგორი იქნება არ ვიცი… პლებისციტი, ცხადია, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისია. თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს. ამაზე უფრო მაღალი რანგის ვინ უნდა ჩაერთოს მედიაციის პროცესში, უბრალოდ, არ ვიცი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.