კახა კუჭავა: იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება
“იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება,”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო შეთანხმებისთვის.
„იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მათ შორის თქვენც გთხოვდით, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს დიდი მონდომება, სურვილი, მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, აუცილებელია, რომ ჯერჯერობით დეტალებზე არ ვისაუბროთ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვერ ვიტყვით და გავამხელთ იმ დეტალებს, რომელზეც იყო საუბარი. ამის შესახებ ხვალ იქნება, თუ ზეგ, რამდენიმე დღეში ყველა ისედაც გაიგებთ. მოთმინებით თუ მოვეკიდებით საქმეს, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ყველა იქნება კმაყოფილი.
ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ მოვისმინოთ რაციონალური წინადადება, მათ შორის ჩვენც წარვადგინოთ. შესაბამისად, ამის შესახებ გაგრძელდეს მსჯელობა. ეს მზაობა იყო ჩვენი მხრიდან ერთი წლის წინაც. გახსოვთ კიდეც, რომ მოეწერა ხელი 8 მარტის შეთანხმებას და შევასრულეთ ყველა ის პუნქტი, რომელიც ვალდებულებად ავიღეთ. ახლაც გამოვთქვამთ დიდ მზადყოფნას, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდეს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.